25 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდება

მალე საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდება - ეს ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ ხდება. პრივილეგიის გარდა საქართველოს არა ერთი ვალდებულება ეკისრება, რომელიც ქვეყანამ ღირსეულად უნდა შეასრულოს. ყველაზე რთული მისია რუსეთთან ურთიერთობაა, რომელიც თბილისისა და კიევის წინააღმდეგობის მიუხედავად საბჭოში ევროპამ ცოტა ხნის წინ დააბრუნა.

ხორვატი სტუმარი თბილისში იმ მისიით ჩამოვიდა, რომ საქართველო პრეზიდენტობისთვის მოამზადოს. ნოემბრის ბოლოდან, ისტორიაში პირველად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს სწორედ საქართველო უხელმძღვანელებს.

დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები - ეს ორგანიზაციის მთავარი ფასეულობებია, რომლის დაცვაც, თავმჯდომარე ქვეყანასთან ერთად სხვა 46 წევრ სახელმწიფოსაც ავალდებულებს. მათ შორის რუსეთსაც, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო, 5 წლიანი პაუზის შემდეგ, ორგანიზაციაში მაინც დააბრუნეს. რუსეთის მიერ მეზობლების ოკუპაციისა და იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევებზე კონსოლიდირებულ ანგარიშს სწორედ საბჭოს ახალი გენმდივანი ამზადებს.

ვიდრე ნოემბერში პრივილეგიებსა და პასუხისმგებლობებს ქვეყანა ოფიციალურად გადმოიბარებდეს, დეპუტატთა ნაწილი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ევროსაბჭოში რუსეთის პოზიციების გამყარების შემდეგ კრემლის მეთოდებს მათი განსაკუთრებული ძალისხმევა თუ აჯობებს. სწორედ ამიტომ, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი გეგმა მოკავშირეებთან აქტიური მუშაობა და რუსეთთან ყველა პლატფორმაზე ბრძოლა უნდა გახდეს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც თავმჯდომარეობა პროგნოზის შექმნის საშუალებას იძლევა. ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დაშვებულ შეცდომებს ახსენებს.

ხელისუფლებაში კრიტიკას არ იღებენ. თვლიან, რომ ის, რაც ქართულ დელეგაციებს საერთაშორისო ასპარეზზე არ აკლია, რუსეთზე ზეწოლის მოთხოვნა და ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდებაა. ​პარლამენტარებსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, რომ ქვეყნის პრიორიტეტი სტრასბურგში იგივე დარჩება.

რისი გაკეთების საშუალებას აძლევს თავმჯდომარეობა საქართველოს და არსებობს თუ არა ბერკეტი რუსეთზე გავლენის მოსახდენად - საექსპერტო წრეებში ფიქრობენ, რომ ამისათვის პოლიტიკური ნება და ტექნიკური საშუალებებია საჭირო. იმ პირობებში კი, როდესაც საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მიზეზად ყოფნას ერიდება, ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შესაძლოა ეს შანსი მაქსიმალურად არ იქნება გამოყენებული.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია ბურიჩის ვიზიტისას გაფართოვებულ შეხვედრებზე 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმაც განიხილეს, რომელშიც ქვეყნის რეფორმირების აუცილებლობაა ხაზგასმული.

თავმჯდომარეობა საქართველოს ევროსაბჭოში ყოფნის 20 წლის იუბილეს ემთხვევა. სწორედ 1999 წელს, ზურაბ ჟვანიას ისტორიული სიტყვებით შევიდა ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ უძველეს ორგანიზაციაში, რომელსაც თავის მხრივ წელს 70 წელი შეუსრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სპეციალური მონეტაც კი გამოუშვა, რომელიც დღეს სამახსოვროდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს გადასცეს.

დღის ამბები