24 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიფიქრა - ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიფიქრა.

ბესელიას ეჭვის საფუძველს უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებები აძლევს, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო ცვლილებას შესაძლოა დეპუტატების ხმები არ ეყოს. 

"ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე დავუჭერთ ამ ინიციატივას მხარს იმიტომ, რომ უმრავლესობას და "ქართულ ოცნებას" არ მიეცეს საბაბი გადაიფიქროს ის დაპირება და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. ოპოზიციიდან დარწმუნებული ვარ ყველა უჭერს მხარს, მაგრამ ეს თამაში, რომ რაღაცა ხმების მოგროვების პრობლემა დგას, ძალიან ცუდად მენიშნება. ასე მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაიფიქრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მიზეზებს ეძებს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

პარლამენტი 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობას დღეს იწყებს. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილების ორივე ვარიანტი უნდა განიხილონ.

საუბარია უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტებზე. ოპოზიციის აზრით, საარჩევნოდ 3%-იანი ბარიერი და ბლოკების არსებობა უკეთესი იქნება, თუმცა მზად არიან პოლიტიკური ოპონენტის ვარიანტსაც დაუჭირონ მხარი. "ქართული ოცნება", თავის მხრივ, საკუთარი ვერსიის უპირატესობაშია დარწმუნებული. 

დღის ამბები