16 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 2 მამაკაცის გათავისუფლების მიზნით პროცედურები უკვე დაწყებულია - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

ოკუპანტების მიერ გუშინ დაკავებული ორი მწყემსის საკითხი განიხილეს დღეს ერგნეთის შეხვედრაზე. ეგრნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ოკუპანტები მწყემსებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.  

როგორც შეხვედრის შემდეგ სუსის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ერგნეთის რიგით მე-7 შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულების გასათავისუფლებლად პროცედურები უკვე დაწყებულია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ერგნეთში განხილულ ძირითად საკითხებს, უკვე მეშვიდედ ტექნიკური ხასიათის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მონაწილეები ვერ თანხმდებიან ძირითად საკითხზე, ეს არის ე.წ. ბლოკ-საგუშაგოების გაუქმება. საქართველოს ხელისუფლება წნელისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გახსნილი ბლოკ-პოსტების გაუქმებას მოითხოვს.

საპასუხოდ თავად საოკუპაციო რეჟიმი აღნიშნავს, რომ საფრთხის შემცველია საქართველოს პოლიციის სტანდარტული საგუშაგო, რასაც საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება. დათმობაზე წასვლას არც ერთი მხარე არ აპირებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 60-65 წლის მამაკაცების ოჯახის წევრები მედიასთან კომუნიკაციაზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცები მაშინ დააკავეს, როცა გამყოფ ხაზთან პირუტყვს მწყემსავდნენ.

მეზობლების თქმითვე, დაკავებულ მამაკაცებს გამყოფი ხაზი არ გადაუკვეთავთ და ისინი რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

 

დღის ამბები