24 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
იმას მაინც დაუჭირეთ მხარი, რაც "ქართული ოცნების" მამა-მარჩენალმა ივანიშვილმა გამოაცხადა - ბოკუჩავა უმრავლესობას

პარლამენტში ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო, ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში მმართველი გუნდი და ოპოზიცია ბლოკების და ბარიერის გაუქმების საკითხზე ვერ თანხმდებიან.

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციას წინასწარ ბლოკების შექმნის საშუალება არ მიეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

"ბლოკი მარტო ბარიერის გადასალახად არ იქმნება, იქმნება , თუ გნებავთ სინერგიისთვის და გნებავთ ხელისუფლების დამარცხებისთვის. ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების შეცვლაზე არ ფიქრობს, ჩათვალეთ, რომ სატელიტია"- განაცხადა კაციტაძემ.

შიში ახსენა თავის გამოსვლაში "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემაც. ბობოხიძის შეფასებით, უმრავლესობა დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ შიშის გავლენით იღებს გადაწყვეტილებებს. 

"როდემდე უნდა იცხოვროთ "ნაციონალური მოძრაობის" შიშით და როდემდე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს "ნაციონალური მოძრაობა". თქვენ რა დაგვითმეთ, ეს იმ თვალებდათხრილმა ბავშვებმა მოიპოვეს და არა თქვენ, თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ ცაიტნოტში,"- განაცხადა ბობოხიძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აკაკი ბობოხიძეს უპასუხა და უთხრა, რომ მათი არავის აღარ ეშინია, რადგან ერთადერთი ბერკეტი, რაც შერჩათ, ტყუილია. 
"არ ვაპირებდი სიტყვით გამოსვლას, მაგრამ ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ, მუზად გამოადგებით ადამიანს. დღეს რა შიშზე ლაპარაკობთ, რომელ შიშზე, ვის რა ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ. დღეს ერთადერთი ბერკეტი გაქვთ, საბედნიეროდ. ეს არის, ტყუილი,"- განაცხადა მდინარაძემ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსიისთვის არა, უმრავლესობის მიერ შემუშავებულისთვის მაინც. 

"მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას, თუ სხვა მითითებები არ გაქვთ, თუმცა, ალბათ გაქვთ. შეგიძლიათ იმას მაინც დაუჭიროთ მხარი, რაც გამოაცხადა მამა- მარჩენალმა "ქართული ოცნებისა" ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები