12 დეკემბერი 2019,   00:09
ვრცლად
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ღიად დარჩა - დეპუტატები უმრავლესობისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ

პარლამენტის შენობაში, სხდომა დილიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის გარეშე დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერ ოპოზიციის მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა, დღის ბოლოს კი ღიად დარჩა უმრავლესობის კანონპროექტის საკითხი, რომელზეც ხმის მიცემას სრულიად ოპოზიცია აპირებდა.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, გაუგებარია რატომ ხვდება მსგავსი წინააღმდეგობა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარლამენტში 93 დეპუტატის მიერ არის წარდგენილი:

"რას ვაკეთებთ ჩვენ აქ, როგორც მე ვიცი 93 დეპუტატმა შემოიტანა ინიციატივა, ახლა ეს 93 დეპუტატი ამბობს, რომ ეს ინიციატივა არ ვარგა, გაიტანეთ და დაგვანებეთ ჩვენ თავი," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, სრულაიდ გაუგებარია მმართველი გუნდის პოზიცია:

"აქ აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ მელაკუდობას, თუ რა ხდება? ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი, თუ არ უნდა ჩააგდოთ ნუ გვეთამაშებით, ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება, ის პროცესები რომ სტაბილურობის ფარგლებში მოაქციოთ?"- მიმართა ირმა ინაშვილმა მმართველ გუნდს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე იქნება მიყვანილი:

"გადაწყვეტილება იყო და არის მიღებული, რაც ვთქვით უნდა მივიყვანოთ ბოლომდე," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდს ჩამოყალიბებას ურჩევს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე:

"ჩამოყალიბდით რა ხდება, აქ რაც ხდება, ძალიან არასერიოზულია" - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უმრავლესობის წევრი და ბიძინა ივანიშვილთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის ავტორი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილების მიღება იმისთვსაცაა მნიშვნელოვანი, რომ 9 წლიანი რეჟიმი არ განმეორდეს:

"საქმე ეხება ფუნდამენტურ ცვლილებას, ეს არის ცვლილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიას ცვლის. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ხალხს ისეთი სისტემა უნდა დავუტოვოთ, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს, რომელიც 9 წლის მანძილზე იყო ჩამოყალიბებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები