17 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ავტორს მაჟორიტარების დარწმუნების იმედი აქვს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ავტორი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, რომ კონკრეტული დეპუტატები ცვლილებას არ ეთანხმებოდნენ თუმცა გუშინდელმა დღემ ისინი მაინც ფაქტის წინაშე დააყენა. კობახიძეს იმედი აქვს, რომ დეპუტატების დარწმუნებას და კანონპროექტის მიღებას მოახერხებენ:

"მქონდა ზოგადი ინფორმაცია, რომ კონკრეტულ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები და საკუთარი პოზიცია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთვის მაინც იყო ფაქტის წინაშე დადგომა, იქნება იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ ამ გადაწყვეტილების კონტექსტზე, რა იდგა ამის უკან და რატომ არის მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღება და ვფიქრობ, რომ მოვახერხებთ მათ დარწმუნებას,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.

დღის ამბები