25 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
პროპორციული სისტემა ქვეყნას საფრთხეს უქმნის, თანამოაზრეები არიან იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ - ხუნდაძე პოზიციის შეცვლას არ აპირებს

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" საკუთარი გუნდის დარწმუნებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ? - ამ კითხვაზე პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პროპორციული სისტემა ქვეყნის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

როგორც მან აღნიშნა, ის სხდომაზე შეეცდება გუნდი და პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს. ხუნდაძის თქმით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს სტაბილური, ძლიერი და არა რყევადი ხელისუფლება.

"ეს არ არის გუშინ მიღებული გადაწყვეტილება. მე ამ სისტემას ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი და 2-ჯერ კომპრომისი გავწიე. ეს კომპრომისი იყო პირობადებული. თუმცა არცერთი პირობა არ შესრულდა. ეს არ არის ჩემი პირადი მოთხოვნები. ეს არის ქვეყნის სტაბილურობის, ხალხთან კომუნიკაციის არ შეწყვეტის და რაც მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს სტაბილური ძლიერი და არა რყევადი ხელისუფლება," - ამბობს ხუნდაძე.

დეპუტატის თქმით, მისი თანამოაზრე დეპუტატთა რაოდენობა, დღეის მონაცემით, უფრო გაიზარდა.

თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ. მინდა რომ საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ავუხსნა ის საფრთხეები, რა საფრთხეებზეც ვსაუბრობთ და, რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწვეტილება ხიფათის შემცვლელია.

მე არ ვაპირებ ბატონ ბიძინასთან დაპირისპირებას. მე ვაპირებ დარწმუნებას, რომ ეს საფრეები არის რეალური, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაახლოებით 20 დეპუტატი ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.

დღის ამბები