23 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
ეს კანონპროექტი არის ჩემთვის წითელი ხაზი - შიოლაშვილის თქმით, ივანიშვილმა მათ სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩაატარებინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც სხვა რამდენიმე მაჟორიტართან ერთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია, აცხადებს, რომ მათ უმრავლესობის სხდომაზე პოზიცია დააფიქსირეს და იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც შეიძლება ქვეყანას მომავალში დაუდგეს.

"აბსოლუტურად ღია იყო საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო, ჩვენ ვითხოვდით, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდგარიყო ეს საკითხი და უმრავლესობას აქვე გამოეხატა თავისი პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ვთვლით, საკმაოდ ბევრი დეპუტატი არის ჩვენს აზრზე და მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის სტაბილურობას ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენებს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, აქედან გადავინაცვლებთ პარლამენტში, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კოლეგებთან მუშაობას.  ჩვენ გვინდოდა, რომ ამ უმრავლესობის სხდომაზე გამოჩენილიყო რამდენი დეპუტატი ფიქრობს ჩვენნაირად და დამდგარიყო სარეიტინგო კენჭისყრა,მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება," - განაცხადა შიოლაშვილმა

შიოლაშვილის თქმით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა მისთვის წითელი ხაზია:

"ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი და იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა დაუჭერს მაინც ამ კანონპროექტს მხარს, მე დავტოვებ უმრავლესობას," - აღნიშნა შიოლაშვილმა

კითხვაზე, რატომ მოაწერეს ხელი თავის დროზე საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც ახლა ეწინააღმდეგებიან, შიოლაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სრულიად სხვა შეთანხმება არსებობდა, ახლა კი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალა:

"იმ პერიოდში როდესაც კანონპროექტი მუშავდებოდა არსებული შეთანხმება იყო სრულიად სხვა, მათ შორის ოპოზიციასთან, რაც ჩვენ გვითხრეს და რატომაც მივიღეთ გადაყვეტილება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში არსებითად შეიცვალა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა,"- განაცხადა შიოლაშვილმა.

შიოლაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის მოსალოდნელ დატოვებასთან დაკავშირებით, დეპუტატების განცხადებებზე არაფერი უთქვამს, თუმცა სხდომაზე დაფიქსირდა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კანონპროექტს უჭერს მხარს.

დღის ამბები