10 დეკემბერი 2019,   17:08
ვრცლად
იმედია ბიძინა ივანიშვილს კეთილგონიერება ეყოფა და დაპირებას არ ჩააგდებს  - ელენე ხოშტარია პარლამენტთან აქციას შეუერთდა

დღეს პარლამენტთან გამართული აქცია ხალხმრავალი არ იყო. აქციის ორგანიზატორები მიზეზად სპონტანურობას ასახელებენ, თუმცა სამომავლოდ გეგმავენ, რომ აქციას უფრო მასშტაბური სახე მისცენ.

"უფრო გაბრაზებულები და უფრო რადიკალურები"  - ასე დაანონსეს დღეს მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლებმა სამომავლო საპროტესტო ტალღა.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის ორგანიზატორები რადიკალურ მეთოდებს მიმართავენ და პოლიტიკური პროცესის პარალიზებას მოახდენენ.

დღეს აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს ბიძინა ივანიშვილის მორიგ ფარსად შეაფასეს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრს ელენე ხოშტარიას იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კეთილგონიერება ეყოფა და ამ დაპირებას არ ჩააგდებს, რადგან პირველ რიგში მისთვის დამთავრდება ეს ყველაფერი ცუდად.

"უბრალოდ ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს. ეს არის წითელი ხაზი, რომლის მოთმენასაც არავინ აპირებს. ეს არის ჯერჯერობით განგაშის აქციები. თუ მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება საითაც მიდიან, ეს იქნება ძალიან ცუდი, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვება და ძალიან ცუდად დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღევანდელი აქცია პარლამენტთან დასრულდა, ხვალ მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" წევრები  პარლამენტის შესასვლელთან ისევ შეიკრიბებიან.

ასევე ხვალ არის ჩანიშნული დილის 10 საათზე უმრავლესობის შეხვედრა. ამიტომ აქტივისტები ხვალ "ქართული ოცნების" ოფისთან მისვლასაც გეგმავენ.

დღის ამბები