უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება.
შეხვედრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს. ვოლსკის შეფასებით, შეხვედრა საკმაოდ საქმიანი იყო და რაიმე სახის დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.
"კვლავ იყო პოზიციებზე საუბარი, მე რატომღაც მოველოდი, რომ სწრაფად დამთავრდებოდა დღევანდელი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. ბევრი საკითხებიდან გამომდინარე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა და ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობაა საჭირო... მე არ ველოდები, რომ ჩავარდება.
არაფერი ხმაური არ იყო, იყო ლაპარაკი საკმაოდ საქმიანი და არავითარი დაძაბულობა არ ყოფილა. გუნდის ერთობა არ არის მარტო "ქართული ოცნების" თემა, სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა გუნდის უმრავლესობის გახლეჩვა და ამ პოზიციის გადაყვანა ისეთ კონფლიქტში, რომელიც ქვეყანას დაეტყობა, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, იყოს თავისუფალი კენჭისყრა,“ - აცხადებს გია ვოლსკი.