"დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში მოხდა ისეთი რამ, რომლის ანალოგიც თანამედროვე სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მახსენდება, - ამ სიტყვებით "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა.
ბურჯანაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ქმედებით საზოგადოება მოატყუა.
"ხელისუფლების პირველმა პირმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის, დაპირება საქართველოს მოსახლეობისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართული და დღეს უბრალოდ ყველა მოგვატყუა. ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებმა ჩააგდეს ეს კანონპროექტი, მოატყუეს ქართველი ხალხი უპირველეს ყოვლისა. ყველა პოლიტიკური პარტია, გამონაკლისის გარეშე, საკუთარი გუნდის წევრებიც კი, მოატყუეს. შექმნეს უმძიმესი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კრიზისი. ეს რომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამთავრებით დასრულდება, ამაში ორი აზრი არ არის. ეს გამოიწვევს ქვეყანაში ძალიან სერიოზულ არასტაბილურობას. ღმერთია მოწამე, ჩვენ ეს არ გვინდოდა," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.