07 დეკემბერი 2019,   02:33
ვრცლად
ჯაფარიძე არის "ლეიბორისტების" ოფისში ინაშვილთან და ბურჯანაძესთან ერთად, წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს?! - იაგო ხვიჩია ოპოზიციის გაერთიანებაზე

პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. ხვიჩიას თქმით, საზოგადოება ერთიანდება იმ მატყუარების და ტყუილის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია და რომლის უმაღლესი წერტილიც ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ აჩვენა, როდესაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა დაარღვია:

"დღეს მთელმა ქართველმა ხალხმა გავიგეთ, რომ მატყუარა გვმართავს და მოგვეცა საშუალება მთელი ერი დავირაზმოთ მატყუარების და ტყუილის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია გამეფებული ბოლო 30 წელია და დღეს უმაღლეს წერტილს მიაღწია. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გამოვიდა და ხალხს შეპირდა, დღეს კი პატარა ცრუპენტელასავით გადააგდო. ​ მე მგონია რომ დღეს ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას ცრუპენტელობის, ამ უტიფარი ტყუილის წინააღმდეგ.  ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რაც დაუშვა "ქართულმა ოცნებამ". ივანიშვილისთვის იყო გასაგები, რომ აგებდა არჩევნებს და როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ჩათვალა რომ შანსი აქვს მაჟორიტარულის დატოვებით. ეს ინანა სააკაშვილმა და ინანებს ივანიშვილი. ივანიშვილმა ყველაფერი, რაც გააკეთა აქამდე ქვეყნისთვის და ქველმოქმედებისთვის, გააფორმა როგორც ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება და პატარა ადამიანობა გამოაჩინა ამ კლოუნადის გათამაშებით,"- განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა შანსი არსებობს ოპოზიციურ სპექტრში, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით იბრძოლონ, იაგო ხვიჩიამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის მაგალითი მოიყვანა. ხვიჩიას თქმით, ქვეყანაში ისეთი რამე მოხდა, რომ ოპოზიციაში არსებული განსხვავებები მეორეხარისხოვანი გახდა:

"ჩვენი წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე არის "ლეიბორისტების" ოფისში ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ისეთი რამე მოხდა ქვეყანაში, ეს განსხვავება, რაც არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, არის მეორეხარისხოვანი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვიცით, რომ სათავეში გვიზის კაცი, რომელიც არ აპირებს არჩევნებით წასვლას, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებას, ერთადერთი, რითაც ვამართლებდით, რომ ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება იყო ის, რომ ის დათანხმდა პროპორციულ არჩვენებს, რომელიც არის არაპრორუსული თავისი შინაარსით. ამ წუთას ადამიანები ერთიანდებიან პრორუსულობის წინააღმდეგ, ის პარტიებიც, რომლებიც მიჩნეულები არიან პრორუსულებად, მათაც აქვთ შანსი, რომ უარი თქვან რუსულ პოლიტიკაზე,"- აღნიშნა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, თუ პოლიტიკური პარტიები ერთად იქნებიან, წითელი ხაზები და თამაშის წესები გასაგები გახდება, ოპოზიციას ამ მოცემულობით შეუძლია მაჟორიტარული არჩევნებიც მოიგოს.

დღის ამბები