19 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე - ირმა ინაშვილმა მოსახლეობას კვირას, 17 ნოემბერს, აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდა

 

"პატრიოტთა ალიანსი" აქციების ჩატარების უწყვეტ რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. "პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე სასტუმრო "ივერიასთან" დააანონსა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების დროს არც ერთ ოლქში არ დაუშვა სხვა პარტიების მაჟორიტარ-დეპუტატების კანდიდატების გამარჯვება. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსახლეობამ კარგად იცის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად იყენებდა.

ინაშვილის თქმით, გამონაკლისი არც "ქართული ოცნებაა".

"73-ვე ოლქში გამარჯვება დაუწერა მხოლოდ საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატებს. არც ერთ ოლქში, ხაზი მინდა გავუსვა, არც ერთ ოლქში "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა სხვა პარტიების კანდიდატების გამარჯვება, არ გაამარჯვებინა სხვა პარტიების კანდიდატებს. პირადად მე, სრულიად ხილული და ნათელი გაყალბების გზით, ყველამ კარგად იცით, რომ 2-ჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს არჩევნებში. და სხვათა შორის, საგარეჯოში მოსახლეობას დღესაც მე ვგონივარ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მაჟორიტარი. ხშირად მომმართავენ ხოლმე როგორც მაჟორიტარს.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმას, თუ რა პროცესი და რა კრიზისი ვითარდება დღეს ქვეყანაში და მოსახლეობამ კარგად იცის და კარგად ესმის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად, გამონაკლისი არ არის არც "ქართული ოცნება".

"ქართული ოცნება" 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს. დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითი არის უკვე. სრულიად საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია.

ამ ვითარებაში ჩვენ, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", როგორც მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ თუ ჩავარდება კენჭისყრა, დაიწყება ქვეყანაში უმძიმესი პროცესები, დაიწყება პოლიტიკური კრიზისი და მივმართავდი საჯარო შეკითხვით "ქართულ ოცნებას", მზად ხართ თუ არა ამ კრიზისის დასაძლევად, მაგრამ კრიზისებს თავად იწვევენ და ქვეყანაში ქმნიან აბსოლუტურად ქაოტურ მდგომარეობას.

ამიტომ ჩვენ, ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე, ვიწყებთ ამ საპროტესტო აქციებს. პირველი აქცია ჩატარდება კვირას, 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო "ივერიასთან". მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებს, მშვიდად, ჭკვიანურად, ბრძნულად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა მოვიკრიბოთ ძალები, უნდა გავერთიანდეთ, უნდა გამოვაცხადოთ მაქსიმალური მობილიზაცია და უნდა შევიკრიბოთ ყველა 17 ნოემბერს, კვირას, 5 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები