“პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტს ახალ საარჩევნო კანონპროექტს სთავაზობს.
როგორც ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 0,67 პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი შეიცვლება ბუნებრივი ბარიერით – 0,7% .
ირმა ინაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ჩაგდებულ კანონპროექტს მცირედი ცვლილებებით ხელახლა შეტანას აპირებს.
"ყველას კარგად ესმის, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი უმრავლესობას შეუძლია ვითარების გამოსწორება, შეუძლია მცირედი ცვლილება გააკეთოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში მცირედი ცვლილებით. ამისი გაკეთება უმრავლესობას შეუძლია, მაგრამ არ ვიცი ახლა მე, რაზე მსჯელობენ ისინი, როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებენ. ამიტომ, ჩვენ ხვალ პარლამენტში შევიტანთ იგივე კანონპროექტს მცირედი ცვლილებით, მცირედი ცვლილებით შეტანის უფლება ჩვენ გვაქვს. აი, მაგალითად, მცირედი ცვლილება იქნება ის, რომ ბუნებრივი ბარიერი 0,67%-თ შეიცვლება ბუნებრივი ბარიერი 0,7%-ით, ამ ცვლილებით შევიტანთ პარლამენტში კანონპროექტს ხვალვე," - აცხადებს ირმა ინაშვილი.