25 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებს აცდენილია, ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება - უმრავლესობა

ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებს აცდენილია - ასე აფასებენ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს "ქართულ ოცნებაში". მათივე შეფასებით, დემონსტრაციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით დანიშნოს.

მმართველ გუნდში ხაზგასმით აცხადებენ, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა კანონის დარღვევის შემთხვევაში, რეაგირება ადეკვატური იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეკრების და მანიფესტაციის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, თუმცა როგორც კი ნებისმიერი პირის მხრიდან კანონდარღვევითი მოქმედება განხორციელდება, ანრი ოხანაშვილის თქმით, ამას ცივილური და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.  

"გამოხატვის თავისუფლება დაცულია ამ ქვეყანაში. ყველას მივცემთ და ეს უზრუნველყოფილი იქნება, რომ ცივილური ფორმით მოხდეს საკუთარი აზრის გამოხატვა. შეკრების და მანიფესტაციის უფლება იქნება გარანტირებული," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებიც, როგორც პარლამენტის შენობის წინ, ასევე სხვა ნებისმიერ ადგილას წესრიგს დაიცავენ. 

"სიტყვის თავისუფლება - ეს არის თავისუფლება, მაგრამ პასუხისმგებლობა არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაც. თუ კი სადმე იქნება წესრიგის დარღვევის ფაქტები, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე იქნება სამართალდამცავი ორგანოები," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მმართველ გუნდს სამწუხაროდ ისეთი ოპონენტები ჰყავს, რომლებიც მუდმივად რევოლუციურ სცენარზე ოცნებობენ.

"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ესიზმრებათ მათ ყოველთვის. ჩვენთვის მიზანი არის ახლა, რომ მოვემზადოთ სტაბილურობისათვის, შევინარჩუნოთ მშვიდობა," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები