20 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი უნდა გავისტუმროთ" - სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან

დიდი საპროტესტო ტალღით მიღწეული შედეგის დაკარგვის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ისევ მასშტაბური აქციები ანონსდება. მოქალაქეები, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პირობა მიიღეს, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის მოქმედ წესზე უარს იტყოდა, ისევ პარლამენტის წინ იკრიბებიან.

მათი მიზანია, შეასრულოს ხელისუფლებამ 5 თვის წინ, საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება.

როგორ გაგრძელდება პროტესტი - პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, რომ აქცია საღამოს განახლდება სადაც, 7 საათისთვის პოლიტიკური ლიდერები მოთხოვნებსა და სამმოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ.

აქციის მონაწილეები დანებებას არ აპირებენ და პროტესტის გამოხატვას უფრო მასშტაბური სახეს მისცემენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის "გასტუმრება" პრინციპული ხდება.

"პრინციპული რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილი გავისტუმროთ სამოქალაქო პროტესტის თუნდაც მშვიდობიან ფარგლებში და ასევე ჩვენთვის პრინციპული იყო არჩევნებით მომხდარიყო ეს ყველაფერი. თუმცა მან გადაწყვიტა, რომ საერთოდ ყველა გადააგდოს. ეს არ იქნება ის, რისი პატიებაც შესაძლებელია," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი დღის მთავარი ამოცანა იქნება, საზოგადოებას და ხელისუფლებასაც კონკრეტული გზა აჩვენონ. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დღეს დეტალური გეგმის შეთავაზებას აპირებს.

"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს და დაბრუნდეს საღი აზრის ფარგლებში, რომ დაუბრუნდეს ისევე პროპორციული არჩევნების საკითხის განხილვას და მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მოეშვას ამ სისულელეს, ადამიანების დაკავებას, რაც ბათუმში მოხდა დილით იმიტომ, რომ ყველას ისინი ვერ დააკავებენ," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მოძრაობა "შეცვალეს" წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველზე მანამ გამართავენ აქციებს, სანამ არ დაინიშნება დროებითი ხელისუფლება და პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება.

 

დღის ამბები