"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ საქართველო ბოლო 8 წელია პოლიტიკურად აუტანელ გარემოში იმყოფება და "კონსერვატიული პარტია" არ აპირებს დარჩენას იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
"ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა.
ასევე მინდა განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როდესაც გუნდს ძალიან ვჭირდებოდით. ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც გუშინ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის.
ჩვენ არასდროს არ წავსულვართ, არც ერთხელ კონსერვატორებს არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო, ხშირად დავზარალებულვართ კიდეც პოლიტიკური თვალსაზრისით.
არ ვაპირებთ დარჩენას იქ, სადაც იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც არის გაუმართლებელი," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.