20 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ ძალას არ შესწევს ხელისუფლების შეცვლის უნარი - ელისაშვილი გაერთიანების აუცილებლობაზე 

რამდენად რეალურია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით - ოპოზიციური სპექტრი მმართველი გუნდის წინააღმდეგ 3 ძირითადი მოთხოვნით ერთიანდება:

ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა, პროცესს გაემიჯნოს "ქართული ოცნება" და ამ პირობებში ჩატარდეს არჩევნები, შეცვლილი კანონმდებლობით.

საბოლოო პოზიციამდე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორიენტაციის მქონე პოლიტიკური პარტიები რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივიდნენ. 

"გირჩის" თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან მის წევრებს სიტყვის თქმის უფლება არ აქვთ და ყველა იტყუება:

"ერთადერთი ადამიანი, რომლის სიტყვასაც ფასი ჰქონდა გუშინ აღმოჩნდა რომ იტყუება. შესაბამისად ახალი ამოცანა გვიწევს, ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთთან თანამშრომლობა ვისწავლოთ იმისთვის,რომ არჩევნებამდე დავადგინოთ, რა ხდება არჩევნების შემდეგ. გინდა მაჟორიტარული იყოს, გინდა ვადამდელი, გინდა პროპორციული ბიძინა ივანიშვილი აგებს ყველანაირ არჩევნებს, თუკი ოპოზიციას ექნება სწორი სტრატეგია," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ქართული ოცნების" უპერსპექტივობაზე საუბრობს "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე:

"ქართული პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით შედის უპერსპექტივობაში. ყველაფერი გაგრძელდება იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს განვითარების გზაზე. ქვეყანას მიეცეს პროპორციული სისტემით არჩევანის საშუალება," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებას რომელიმე ერთი ოპოზიციური პარტია ვერ დაამარცხებს, ამიტომ ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა ოპოზიციის ერთჯერადი დროებითი გაერთიანება:

"მთელი მსოფლიო გადააგდო ივანიშვილმა და საქართველო ხომ მით უფრო, ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას არ შესწევს ხელისუფლების შეცვლის უნარი, სახელმწიფოებრივი ამოცანაა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებიდან გავუშვათ, ამიტომ ეს არის ერთჯერადი დროებითი გაერთიანება ოპოზიციის,"-აღნიშნა ელისაშვილმა.

დღის ამბები