17 აპრილი 2024,   02:32
ვრცლად
"დიდ მუშტს მიიღებენ ცხვირში" - "გამარჯვებული საქართველოს" წევრები ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის გათავისუფლებას მოითხოვენ

შეწყდეს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა - ამ მოთხოვნით შალვა კოპაძის სასამართლო პროცესამდე პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრები საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები საქმის შეწყვეტის საფუძველს იძლევა:

"გავასაჯაროეთ დასკვნები, სადაც წერია, რომ არც ანაბეჭდი, არც დეენემი იარაღზე აღმოჩენილი არ არის. ეს საქმის შეწყვეტის საფუძველი იყო, თუმცა უარი მივიღეთ. დღეს დამატებით დოკუმენტაციას წარვადგენთ, რომელიც ამ საქმეს საბოლოო ჯამში დაანგრევს. მივმართავ ჩვენი ქვეყნის უდიპლომო პროკურორს, ბატონ თადუმაძეს: თავის თითზე მოტრიალე "გოშია" პროკურორებს უბრძანოს, რომ დღესვე შეწყვიტონ საქმის ძიება. დღესვე გაათავისუფლონ შალვა კოპაძე სასამართლო დარბაზიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ მუშტს მიიღებენ ცხვირში," - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი კი განმარტავს, რომ საქმის მასალებში ხარვეზებია:

"გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე ზუსტი დრო დატანილი არ არის - მხოლოდ თარიღია. მაგრამ, საქმის ნომერი უკვე გამოკვეთილია და შალვა კოპაძე ამ სისხლის სამართლის საქმეზე თითქოსდა დილის 10 საათზე იკითხება. 10 საათსა და 55 წუთზე ის უკვე დაკავებული ჰყავთ და იწყებენ კობა კოშაძის ჩხრეკას - როცა ჯერ საქმის გამოძიება დაწყებული არ არის. განცხადება, რომც არ შევიტანოთ ოფიციალურად, ეს საჯარო განცხადება საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და აუცილებლად დასაჯოს ის შემსრულებელი, გამყალბებელი პოლიციელები და მათი დამკვეთები," - აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი შალვა კოპაძე 2019 წლის 17 ივლის დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დღის ამბები