დასავლეთის მკაცრი გამოხმაურება - საარჩევნო ცვლილებების ჩაგდებას ევროსაბჭოს თანამომხსენებლები, კონგრესმენები, ანალიტიკოსები, ყოფილი თუ მოქმედი დიპლომატები უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. ისინი პოლიტიკურ ძალებს და მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებამდე შესწორებების მიღებას მოუწოდებენ.
პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაავტორი კონგრესმენი ადამ კინზინგერი პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების საკითხს.
კანონპროექტის ჩავარდნას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებიც. ისინი პოლიტიკურ ძალებს და მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებამდე შესწორებების მიღებას მოუწოდებენ.
ჩაგდებულ კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოხატავენ ვაშინგტონში. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ლუის ნავარო გამოეხმაურნენ
"ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა. ეს არის უარყოფითი შედეგი ქართული დემოკრატიისთვის, რაც ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც,"- ამბობს ჯონათან კაცი.
"ეს არის პრო-დასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ,"- განაცხადა ლუის ნავარომ.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს ასევე უარყოფითად აფასებენ ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი და ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი. კრამერი მომხდარში პასუხიმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა.
"როიტერსი ", "ნიუ იორკ თაიმსი" , "ვაშინგტონ პოსტი", "ფრანს 24", "ესოშიეთიდ პრესი" ვრცელ პუბლიკაციებს აქვეყნებს.
საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ჩავარდნილი რეფორმის გამო თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და მმართველი გუნდის, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.