ბათუმში აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.
სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა. ისინი ადვოკატის აყვანას და საქმის დეტალების გაცნობას ითხოვდნენ.
"არ ყოფილა პიკეტირება, ეს იყო ჩვენი პროტესტი და ამ ფორმით მისი გამოხატვის უფლება გვქონდა," - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა რეზო ხარაზმა.
სამართალდამცავებმა 4 პირი აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ისინი არღვევდნენ კანონს, არა ერთი მითითების მიუხედავად მთავრობის შენობაში თანამშრომლებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო.