კონსულტაციები პროტესტის ფონზე - ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკიდან წასვლის მოთხოვნით "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს. უმრავლესობის მოლაპარაკებების პარალელურად, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები ადგილზე შეიკრიბნენ.
პარტია "ქართული ოცნების" ოფისში კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს. ადგილზე პერიოდულად მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოდიან და ასევე ის დეპუტატებიც, რომლებმაც გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ უმრავლესობა უკვე დატოვეს, მათ შორის არის თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში. სავარაუდოდ ისინი პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს მართავენ.
კონსულტაციების პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე საათის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა. სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები მოუწოდებდნენ ბიძინა ივანიშვილს დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ რადიკალურ ზომებს მიმართავენ, მათ შორის იგულისხმება აქციების გაგრძელება და ასევე საჯარო შენობების პიკეტირება.
"ბიძინა ივანიშვილს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მან მოპარული ძალაუფლება და ხელისუფლება უნდა დაუბრუნოს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი აირჩევს დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს პროპორციულ არჩევნებს და გამოიხატება ამით საზოგადოების ნება თუ ვინ სურთ მათ ხელისუფლებაში, რა კურსი სურთ მათ, უნდათ დასავლეთი და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფო თუ უნდათ რუსული ოლიგარქია და რუსული სტილით მმართველობა," - განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.
პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა კონსულტაციები პარტიის ოფისში კვლავ მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პერიმეტრზე დიპლომატიური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებიც გამოჩნდნენ.