24 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
“ფინანსთა მინისტრი სხვაზე რაზე უნდა ფიქრობდეს?!“ - მაჭავარიანის თქმით, ყველაზე მეტად ბიუჯეტის ბედი აღელვებს

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთადერთი თემა, რაც "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო. 

მაჭავარიანის განცხადებით, პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. 

"პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ შევთავაზეთ პარლამენტარებს, რომ ინტენსიური დიალოგი გაგვეგრძელებინა, სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტამდე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დეპუტატების ის კომენტარები, რაც მათ ჰქონდათ წარდგენის პროცესში. ვთხოვეთ, რომ ეს კომენტარები ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად განეხილათ. იყო კონკრეტული საუბარი. ჩვენ გვინდოდა მაქსიმალური კომუნიკაცია, რადგან იმ დარჩენილ ვადაში რაც ბიუჯეტის საბოლოოდ დამტკიცებამდეა დარჩენილი, მოგვეხდინა ყველაფრის მაქსიმალურად ინკორპორირება. ეს იყო ამ შეხვედრის ერთადერთი მიზეზი. 

მე ერთი რამის მჯერა, მიუხედავად იმისა, თუ რა სისტემით ჩატარდება 2020 თუ 2024 წლის არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს. ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის. პოლიტიკური პერიპეტიები იყო ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში და მომავალშიც იქნება ალბათ. თუმცა მთავარია, რომ სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად შეასრულოს. 

მესმის, რომ სხვა მნიშვნელოვანი პროცესებია, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბიუჯეტამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, ფინანსთა მინისტრი სხვაზე რაზე უნდა ფიქრობდეს?!"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

დღის ამბები