19 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
დღეს "ქართული ოცნება" არის მარტო - ლევან ბეჟაშვილი 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მთავრობის გადადგომა, დროებითი მთავრობის დანიშვნა და ვადამდელი არჩევნებია.

ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მარტო დარჩა და ცდილობს მოსახლეობას თავს სხვა რეალობა მოახვიოს. 

"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვნახეთ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც ამ გერმანული მოდელის მიღებაზეც უარზე არიან, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და შესაძლებელია ინიცირება, დროულად მიღება და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

სამწუხაროა, რომ თალაკვაძე და სხვები კიდევ უფრო ავიწროვებენ ურთიერთობის შესაძლებლობებს პოლიტიკურ სპექტრსა და "ქართულ ოცნებას" შორის. დღეს "ქართული ოცნება" არის მარტო. ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანებული ქართულ საზოგადოებასთან ერთად ითხოვს პროპორციულ არჩევნებს, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ობიექტურად გამოხატოს თავისი პოზიცია და დააკომპლექტოს პარლამენტი. "ოცნება" პრაქტიკულად გასაქანს არ აძლევს საზოგადოებას. 

ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, მიუხედავად სამთვიანი ლოდინისა, ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო პოლიტიკური სპექტრი და საქართველოს მოსახლეობა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ არაკონსტუტუციურ ველში, არალეგიტიმურ ველში და ხელისუფლება ცდილობს, სხვა, თავისი რეალობა მოახვიოს საზოგადოებას თავს. 

ამ კრიზისს სჭირდება განმუხტვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესაა მთავრობის გადადგომა, ტექნიკური მთავრობის დანიშვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ნებისმიერი მოდელით. ჩვენთვის სასურველი იქნება, თუ ეს  გერმანული მოდელი იქნება," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

დღის ამბები