19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს უფლება არ მივცეთ მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ:

"ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არცერთი სახელმწიფო უწყების. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, რომ ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი აღარ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს.  რა თქმა უნდა ყაზარმაში ჯდომას კვირა დღეს ჯობია კობახიძის და თალაკვაძის ჯდომა. ამიტომ მოგესალმებით მანდ, იჯექით კარგად, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ.

მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, რომ პირველი - იქ, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვეღარ გააკეთებს, არცერთი ქართული ოცნების დეპუტატები ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან.

შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალ, ვიცი სადაც ამოდის ეგ გვირაბი. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება არ მივცეთ მოძალადე მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.

როდესაც ქვეყანაში არის მორალური კრიზისი, გამოსავალია რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი და გაიხსნება, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება პარლამენტი საკმარისი, შემდეგი იქნება კანცელარია, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები და რაიონული ცენტრი. "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. რამდენი პოლიცია და სპეცრაზმიც გინდათ მოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები