"ჩემი ორი წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს აჭარაში მხარდამჭერები და ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა,"- ასე გამოეხმაურა ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
მისივე განცხადებით, აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მისი კანონმდებლობა საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, სამწუხაროდ პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და შემდეგი წლის არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ 2024 წლისთვის უკვე ჩავატაროთ არჩევნები პროპორციული წესით.
რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი და რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემაც უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყნაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან. როგორც გითხარით, ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისობაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან. ამის საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობს, რომ განვიხილოთ,"- განაცხადა რიჟვაძემ.
ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, გაშლილია ორი კარავი, აქციის მონაწილეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.