19 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
სპეცრაზმელებს აქციის დასაშლელად 2 საათი დასჭირდათ - გამოყენებულია სპეცტექნიკა და წყლის ჭავლი

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. გამოყენებულია სპეცტექნიკა და წყლის ჭავლი. 

სპეცრაზმის მხრიდან ისმოდა მოწოდება დაშლის მოთხოვნით, იყო გაფრთხილება, რომ თუ აქციის მონაწილეები არ დაიშლებოდნენ, სპეცტექნიკას გამოიყენებდნენ.

სპეციალური დანიშნულების დანაყოფები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 საათისთვის გამოჩნდნენ. სპეცრაზმელები თავდაპირველად კანცელარიის ეზოში იმყოფებოდნენ, მალევე კი წყლის ჭავლის მანქანებთან ერთად ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებისკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ხელებაწეული დახვდნენ, მომიტინგეების ნაწილი კი ასფალტზე იჯდა.

პირველი დაპირისპირება პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყო. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა, მოწოდების მიუხედავად, სავალი ნაწილი არ გაათავისუფლეს, სპეცრაზმელებმა ძალა გამოიყენეს - შეკრებილებს ფარებით აწვებოდნენ, წააქციეს კასრები, რომლებშიც ცეცხლი ენთო და პარლამენტის შენობასთან მდგომი მომიტინგეების დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყეს.

ამ ყველაფრის პარალელურად, სამართლდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. აქციაზე დააკავეს პოლიტიკოსებიც, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაშვილი.

პარლამენტის უკანა შესასვლელის გარდა, სპეცრაზმმა წყლის ჭავლი ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც გამოიყენა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მესამე წერტილი, საიდანაც აქციაზე მძიმე ტექნიკა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფები გამოჩნდნენ, რუსთაველის გამზირი იყო. 

წყლის ჭავლის გამოყენებით სპეციალური დანიშნულების დანაყოფებმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაათავისუფლეს და მათ გასასვლელი მხოლოდ თავისუფლების მოედნისკენ დაუტოვეს.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები