13 დეკემბერი 2019,   14:31
ვრცლად
"ივანიშვილის პირადი პატიმრები" - სასამართლოში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული 37 ადამიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის პოლიტიკური პარტიების წევრები და აქციის ორგანიზატორები არიან. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს დაკავებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და ძალის დემონსტრირების მცდელობაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პროცესი საპროტესტო მუხტს ვერ შეაჩერებს და აქციები იგივე შემართებით გაგრძელდება.

“რესპუბლიკური“ პარტიის წევრები დავით ბერძენიშვილი და დავით ზურაბიშვილი მიიჩნევენ, რომ დაკავებულებს სერიოზული პრობლემა არ შეექმნებათ და ყველა მათგანს გაათავისუფლებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია დაკავებებს "სპექტაკლს" უწოდებს. ხოშტარიას შეფასებით, აქციის ორგანიზატორები გამიზნულად დააკავეს.

დღეს გაიმართება პარტია "გირჩის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც. ის გუშინ ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძემ აქციის დაშლისას დაკავებულებს "ივანიშვილის პირადი პატიმრები" უწოდა.

"მივიღეთ ახალი რეალობა საქართველოში, დღეს უკვე, როდესაც პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება და ეს პოლიტიკური პატიმრები არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები, რომელსაც საერთაშორისო პრესამ უკვე უწოდა  საქართველოს "მინდა პუტინი ვიყო" მმართველი. ჩვენი გეგმები არ იცვლება, დღეს ისევ იქნება ოპოზიციური პარტიების შეკრება და საღამოს 7 საათზე იქნება აქცია,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 37 ადამიანი დააკავეს. დღეს, მთელი დღის განმავლობაში სასამართლო დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს. სამართლდამცავები დაკავებულებს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

დღის ამბები