18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები, რომელთა სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, პროცესის გადადებას ითხოვენ.
ადვოკატები ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჟამუტაშვილი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ უნდა შეწყვიტოს ის პრაქტიკა, როდესაც აქციაზე დაკავებულების სასამართლო მოკლე დროში, კონვეირული სისტემით იმართება.
ადვოკატების განცხადებით, მათ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის დასამტკიცებლად დრო არ ჰყოფნით.
სასამართლოში იმყოფება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა იმ დაკავებულის უფლებებს დაიცავს, რომელთაც ადვოკატი არ ჰყავთ.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 37 ადამიანი დააკავეს.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში სასამართლო დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს. სამართლდამცავები დაკავებულებს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.