20 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. დეპუტატმა განცხადება facebook-ის საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს რეალობაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობას და აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არც 2024 წლისთვის იქნება სწორი.

"მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით "ქართული ოცნება" დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის.

მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.

ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს,"- წერს ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ინიციატივა მაჟორიტარმა დეპუტატებმა შეიმუშავეს და "ქართული ოცნების" სხვა წევრებს მასთან კავშირი არ აქვთ.

დღის ამბები