25 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
IRI-ის კვლევის შედეგებს ოპოზიცია აფასებს

ოპოზიციის შეფასებით, საზოგადოებრივი აზრი, სიახლე არ არის არც მათთვის და არც "ქართული ოცნებისთვის" , რადგან მათ შიდა კვლევების ჩატარების დროს კარგად დაინახეს, რომ 20 ივნისის შემდეგ რეიტინგები საკმაოდ დაეცა და პროპორციული არჩევნების სისტემას წორედ ამიტომ ჩააგდეს.

ოპოზიციისთვის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "ქართულ ოცნებას" მხარს მხოლოდ 23 % უჭერს, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას მთლიანობაში გაცილებით მეტი შანსი აქვს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, ივანიშვილს საკუთარი კვლევის შედეგები ჰქონდა, რამაც წინასწარი პროგნოზის გაკეთების საშუალება მისცა. 

"ფაქტია, რომ 23%-იანი "ქართული ოცნების " რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, ამ ფონზე ოპოზიციის რეიტინგი არის 40% , რეალურად ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც ივანიშვილი ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ კვლევებმა აჩვენა ხელისუფლების დელეგიტიმაცია

"IRI"-ის კვლევაში ძალიან კარგად გამოჩნდა ყველაფერი რასაც ვამბობდი, დელეგიტიმაცია ამ ხელისუფლების. მათ აღარ აქვთ ყველაზე მთავარი - ხალხის მხარდაჭერა, ეს ძალიან ნათლად ჩანს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, შიდა კვლევების საფუძველზე "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ინფორმაცია რეიტინგებთან დაკავშირებით რამაც შეაშინა, ისინი  ყოველდღიურად კარგავენ ნდობას და ამიტომ პანიკაში არიან.

"გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მოსაზრებით, ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს, რომ ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან გამოვიდეს. 

"ეს ხელისუფლება არის დასრულებული, როდესაც არ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, შედეგი ერთი იქნება," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღის ამბები