8 სულიანი ოჯახი, რომელიც იპოთეკით დატვირთული და შემდეგ გაყიდული ბინის დატოვებაზე უარს აცხადებდა, ბინიდან გამოსახლებულია. ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, სეხნიაშვილების ოჯახსა და მათ მეზობლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ინციდენტისას ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ხანშიშესული ქალი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასრწაფო გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს.
არსებული ინფორმაციით, სეხნიაშვილების ოჯახმა ბინა 2016 წელს იპოთეკით დატვირთა, დაახლოებით 3 თვის შემდეგ კი გადახდა ვეღარ შეძლო. ბინა 2017 წლის ზამთარში გაიყიდა და მას ახლა სხვა მფლობელი ჰყავს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პაატა შამუგია აცხადებს, რომ 2017 წლის შემდეგ ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი სამჯერ გადადეს. შამუგიას ინფორმაციით, ოჯახს გამგეობა დროებით ქირის გადახდას, ხოლო 6 თვის შემდეგ, ბინით უზრუნველყოფას სთავაზობს.
ოჯახს ეს შეთავაზება არ აკმაყოფილებს. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ილია სეხნიაშვილი აცხადებდა, რომ როგორც კი საპატრულო ეკიპაჟი და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ტერიტორიას დატოვებენ, ბინაში უკანონოდ შეიჭრებიან.