საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციის დაშლის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მათი მხარდამჭერები და მეგობრები მივიდნენ. ადგილზე ის აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს აქტიურად უერთდებიან და მათ მოთხოვნებს იზიარებენ.
"სირცხვილია, როდესაც ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი ითვლებიან კრიმინალებად და სახელმწიფო ყველანაირი ძალით ცდილობს ეს ადამიანები და მათი საპროტესტო მუხტი გაანეიტრალოს, თუმცა ბიძინა ივანიშვილს გუშინ ეს არ გამოუვიდა.... ერთი რამ ცხადია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ამ გამოწვევას“ - აცხადებს ნოდარ რუხაძე.
სასამართლოში მივიდა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდების გვერდით დგომა ქვეყნის გვერდით დგომას ნიშნავს. დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა ასევე მსახიობი ანა დემეტრაძეც, რომელიც მათ დაკავებას უსამართლოს უწოდებს.
დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა. მისი თქმით, დღეს სისტემა ძალადობრივ მეთოდებზეა გადასული.
"ყველა ეს გატაცებული ადამიანი არის სისტემის მსხვერპლი. სოლიდარობა ამ ადამიანებს ჩემგან და ველოდებით, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ დარბაზებიდან. ეს არის ჩემი აქ მოსვლის მიზეზი“ - აცხადებს დავით ქაცარავა.
სულ გუშინ 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წევრები და აქციის ორგანიზატორები. სამართლდამცავები დაკავებულებს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.