25 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
სვანეთი, რაჭა, სამეგრელო და აჭარა - ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრის შვიდ კერას ებრძვიან

სვანეთი, რაჭა, სამეგრელო და აჭარა - ამჟამად საქართველოში ტყის ხანძრის შვიდი კერაა, მათი ნაწილის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური მწყემსებს, მონადირეებს და ლაშქრობის მოყვარულებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სოფლების ურავისა და აბარის ტყის მასივებში სტიქიას უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები ტერიტორიაზე დილიდან კვლავ გაგრძელდება. ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოებში 50-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. მათთან ერთად ცეცხლის ლიკვიდაციას სატყეო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივებიც ცდილობენ. მდგომარეობას რთული რელიეფი და ქარი ართულებდა, რის გამოც სპეციალური ტექნიკა ხანძრის კერებამდე გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ადგილობრივებსა და მაშველებს წყალი მთელი დღის განმავლობაში ცხენებით გადაჰქონდათ. განადგურებულია 30 ჰექტარზე მეტი ტყის ქვედა საფარი.

სტიქიას ებრძვიან ონის რაიონის კიდევ ორ სოფელში. ირისა და ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ჩასაქრობად დილიდან ჩართული იყო 90-მდე მეხანძრე მაშველი.

სტიქია რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა სვანეთშიც. ცეცხლი ეცერში 5-6 ჰექტრამდე ტყის საფარს გაუჩნდა. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. ადგილზე 90-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. დღის ბოლოს მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ შემთხვევაშიც ხვალიდან გაგრძელდება.

ხანძარს მთელი დღის განმავლობაში ებრძოდნენ მესტიის რაიონის კიდევ ერთ სოფელში. სოფელ ცხუმარში ხანძრის ლოკალიზების პროცესში 45 მეხანძრე-მაშველთან ერთად ადგილობრივები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ცეცხლის ქრობის პროცესი გაართულა ძლიერმა დაკვამლიანებამ და რთულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ხანძარმა ჯამში 5 ჰექტრამდე მიწის საფარი გაანადგურა.

დღეს ხანძრის კიდევ ერთი ეპიცენტრი იყო სამეგრელოში. ცეცხლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და ტალერს შორის ტყის მასივში გაჩნდა. 50-მდე მეხანძრე-მაშველმა ცეცხლის ლოკალიზება აქაც მოახერხა. განადგურებულია 5 ჰექტრამდე ტყის მასივი.

ხანძარს ებრძვიან აჭარაშიც. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე 45 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

ხანძარს არცერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ მოჰყოლია, საერთო ჯამში განადგურებულია 50 ჰექტრამდე ტყისა და მიწის საფარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ ეტაპზე ყველგან შეჩერებულია და პროცესი დილიდან განახლდება. ნოემბრის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა. 

ავტორები: ნესტან ჩაგელიშვილი, სალომე ფაცაცია, სოფო სვანიძე

დღის ამბები