10 დეკემბერი 2019,   01:06
ვრცლად
პროპორციულ სისტემას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო, მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა - IRI-ის კვლევების დეტალები

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევა ადასტურებს აზრს იმის შესახებ, რომ საზოგადოების უმრავლესობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურს.

იდეას მხარი გამოკითხულთა უმრავლესობამ, კერძოდ 78% დაუჭირა. ოპოზიციაში თვლიან, რომ "ოცნებამ" საზოგადოებრივი დაკვეთის შესახებ კარგად იცოდა, თუმცა პირობა მხოლოდ იმიტომ გატეხა, რომ სხვა გზა ძალაუფლების შესანარჩუნებლად უბრალოდ არ ჰქონდა.

IRI-ის კვლევამ რამდენიმე საინტერესო ტენდენციაც გამოჰყო. მაგალითად ის, რომ მოსახლეობის 32%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხვალ არჩევნები რომ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შორის ცალსახა ლიდერები არ არსებობენ, მოქალაქეთა 23% მაინც ფიქრობს, რომ არჩევანს კვლავ "ქართულ ოცნებაზე" გააკეთებდა, 15% მანდატებს "ნაციონალურ მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას" ანდობდა. 5-5% აქვთ რეიტინგში "ევროპულ საქართველოს" და "ლეიბორისტებს", პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" ხელახლა ხილვა მოქალაქეთა მხოლოდ 4% სურს.

ოპოზიციის ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას საკუთარი შიდა რეიტინგების შედეგები დიდი ხანია ხელთ აქვს და სწორედ დაბალი რეიტინგით იხელმძღვანელა, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ყურადღება იმ ადამიანებზეც შეჩერდა, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში მკაფიო განწყობებია. მოქალაქეები არაკეთილგანწყობილნი არიან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ამ სიაში მოხვდნენ "გირჩისა" და "პატრიოტების" ლიდერები, ასევე გიგი უგულავა, ნინო ბურჯანაძე და ბიძინა ივანიშვილიც .

​რაც შეეხება პოლიტიკოსების მიმართ სიმპათიებს, ამ მხრივ კვლევაში დავით ბაქრაძე, 57%-ით ლიდერობს. 49%-ით, მეორე ადგილზეა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მესამე ადგილი ერგო "შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს, მეოთხე გრიგოლ ვაშაძეს, ხუთეულს ალეკო ელისაშვილი ასრულებს.

კახი კალაძის მსგავსად რეიტინგების არ სჯერათ და კვლევა ტენდენციურად მიჩნიათ მმართველი პარტიის სხვა წევრებს, რომლებიც დღეს აღნიშნავდნენ, რომ მგავსი გამოკითხვების შედეგები ყოველთვის აცდენაშია რეალობასთან და არჩევნების შედეგებთან.

IRI-ის კვლევის თანახმად, პირველად დაეცა  ეკლესიის რეიტინგი. ახლა, ყველაზე სანდო ინსტიტუცია ქართული ჯარია, რომელსაც ნდობა გამოკითხულთა 85%-მა გამოუცხადა. ქართულ მედიას კი რესპონდენტების 72% ენდობა, პოლიციას 59%, პარლამენტს კი 37%. დაბალია ნდობა სასამართლოს მიმართ, მას მხოლოდ გამოკითხულთა მეოთხედი ენდობა. ამავე სიაში ნდობა პრემიერის ინსტიტუტს 34%-მა, პოლიტიკურ პარტიებს კი, მოქალაქეთა 28 %-მა გამოუცხადა.

დღის ამბები