24 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
"ცენტრ პოინტის" დაზარალებულების საქმე - თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების საქმეს გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად მერია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

"პრობლემა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში არსებობს და საკმაოდ მტკივნეული და მძიმე პრობლემაა. ეს არის სამშენებლო კომპანია ცენტრ-პოინტის მიერ დაზარალებული ადამიანები, რომლებიც 6000-ზე მეტ ოჯახს ეხება. თქვენ იცით, რომ კიდევ ერთი ასეთი პრობლემა, რომელიც იყო, სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემა უკვე მოვაგვარეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანია m2-თან. უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები და ამ ადამიანებს, ვინც დაზარალებული იყო, გადაეცემათ თავიანთი საცხოვრებელი. რაც შეეხება კონკრეტულად ცენტრ-პოინტს, ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი დაზარალებული ადამიანებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ.

მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, დეველოპერებს, ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, სადაც გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა. ვგეგმავთ მოვაწყოთ დიდი შეხვედრა თქვენთან და წარმოგიდგინოთ, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს და ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი ფართები დაიბრუნონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები