18 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
ხმაური და პოლიცია საქალაქო სასამართლოში - 18 ნოემბერს დაკავებული 37 პირი გვიან ღამით გაათავისუფლეს

18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 37-ვე პირი თავისუფალია.

გათავისუფლებულებს სასამართლოს ეზოში აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ და მათ გამოჩენას საქალაქო სასამართლოს ეზოში ოვაციები მოყვა. გათავისუფლებული აქტივისტები ამბობენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა და ბრალდების მხარემ მათი დანაშაული ვერ დაამტკიცა.

37-ვე დაკავებულის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავდა, რის გამოც პროცესები გაჭიანურდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას კი დაკავებულების ახლობლები და ოპოზიციური პარტიის წევრები ღამის პირველ საათამდე ელოდებოდნენ. სასამართლოში პოლიციელების, ოპოზიციური პარტიების წევრების და სამოქალაქო აქტივისტებს სიმრავლე იყო.

დაკავებულების სასამართლო პროცესები პოლიტიკოსების და არასამთავრობო სექტორის დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა. მესამე სექტორი დარღვევებზე საუბრობს, პოლიტიკოსები კი იმაზე, რომ ვერც მოსამართლემ და ვერც ბრალდების მხარემ დაკავებულებს ოპონირება ვერ გაუწია.

დაკავებულების მხარდასაჭერად პარლამენტის წინ შეკრებილები მოგვიანებით სასამართლოსთან მივიდნენ. სასამართლოს დერეფნებში წუხელ სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზაცია იყო. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

საქალაქო სასამართლოსთან გვიან ღამით ინციდენტიც მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ჭიღლაძემ თავის დაწვა სცადა. როგორც მისი მეგობრები განმარტავენ, ჭიღლაძე პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულებს.

18 ნოემბერს დაკავებულ 37-ვე პირს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა ედება ბრალად. მათ საქმეებზე მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. სასამართლო პროცესები დღეს დღის მეორე ნახევარში განახლდება.

ავტორი: ქეთი ზანთარაია. 

დღის ამბები