08 დეკემბერი 2019,   07:07
ვრცლად
"კრემლის ოლიგარქის და მარიონეტის დუქანი" - 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულის თქმით, 37 პირის სასამართლო კანონდარღვევით მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 37 ბრალდებულის შესახებ.

მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რა სახის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებს აქციის დაშლის დროს დაკავებულ პირებს. საუბარია ადმინისტრაციული კოდექსის ორ მუხლზე, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას, ფინანსურ სანქციას ან გაფრთხილებას ითვალისწინებს. სასამართლო პროცეების პარალელურად, ეზოში მათი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. 

ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი კაჭარავა მისი დაკავების მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიმიყენებია, არც სიტყვიერი, უბრალოდ მსტაცეს ხელი, ქურთუკი გადმომაფარეს თავზე, დამანარცხეს ძირს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, შემაგდეს მანქანაში და წამიყვანეს. სამინისტროს უკანა ეზოში ვყავდით ღამის 2 საათამდე.

არც უფლებები არავის წარუდგენია ჩემთვის, არც ოქმის შედგენის მომენტში მიმიღია მონაწილეობა. ოქმი შეადგინა ისეთმა ადამიანმა, რომელსაც საერთოდ არავითარი კავშირი არ ჰქონდა დაკავებასთან. საერთოდ, გაოცების პიკი იყო უკვე სასამართლო პროცესი, როცა განახლდა მეორე დღეს. არავითარი კავშირი არ აქვს ამას სამართალთან. ეს არის ჩვენი ერთპიროვნული, უზურპატორის, კრემლის ოლიგარქის და მარიონეტის დუქანი, სადაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ," - ამბობს ირაკლი კაჭარავა.

კიდევ ერთი დაკავებული მოქალაქე, "ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები, რიგით სამართალდამცველებს უკანონობის ჩადენას აიძულებდნენ.

"ნათელია, რომ სისტემა ძალადობს რიგით პოლიციელებზე. დაკავების ოქმები შედგენილია 11 საათზე ავტოსადგომზე და განაწილება მოხდა რიგითობის მიხედვით. იქ არც ერთი პოლიციელი, ვინც ჩვენ რეალურად დაგვაკავა, არ იყო ადგილზე, ანუ სახეზე გვაქვს სამსახურეობრივი სიყალბე და ამის გაკეთებას აიძულებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები რიგით პოლიციელებს," - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები