25 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა ირაკლი ბერაიამ დაიკავოს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნუკრი ქანთარია გახდეს, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი:

"კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარეების თუ ვიცე-სპიკერის თანამდებობას. ამის შესახებ მალე გახდება საზოგადოება ინფორმირებული, გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ჩვენ გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდული, ეს არის ერთკვირიანი ვადა,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, რომელსაც უმრავლესობა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრებს.გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება:

"გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის ჩემთანაც, მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით უფრო ზუსტად შევძლებ გიპასუხოთ," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის შედეგად 3 საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის გარეშე დარჩა.

დღის ამბები