26 იანვარი 2020,   16:02
ვრცლად
ყველა არსებული რესურსი ამოქმედებულია - დავით ზალკალიანი დაკავებულ ექიმზე

ცხინვალში დაკავებული ექიმის საკითხზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ეუთოს გენერალურ მდივანს, ნატოსა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებს ესაუბრა.  
 
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯეოანასთან შეხვედრის დროს. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური ფორმატი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივი გათავისუფლებისთვის.

"მქონდა კომუნიკაცია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც დეტალურად ჩავაყენე საქმის კურსში და ვთხოვე მას, აქტიური ნაბიჯები გადაიდგას ეუთოს მხრიდან იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება, მქონდა ასევე საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან და ისიც ასევე ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ. აუცილებელია, ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს ექიმის დაუყონებლივი გათავისუფლებისთვის, მქონდა კომუნიკაცია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაეროც ჩართულია ყველა მისი ინსტიტუტით საკითხის მოგვარებაში, ასევე აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე.

ყველა არსებული რესურსი არის ამოქმედებული. ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი. ის უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული და ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი გეგმა, ვითარების ყველა სცენარით განვითარებისთვის,“- განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები