08 დეკემბერი 2019,   07:07
ვრცლად
"ჩვენ დავიწყებთ ამყრალებული, ბინძური სასამართლო სისტემის ნგრევას" - გიგა მაქარაშვილი

ხუთი საათია სასამართლოში აქციაზე დაკავებულების მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ რამდენიმე ბრალდებულს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა, დაკავებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას მალე მოისმენენ.

იმ შემთხვევაში თუ დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან, სასამართლოს ეზოში პერფორმანსის მოწყობას აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამომავლო გეგმებიც აქვთ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აღნიშნავს, ბრალდების მხარეს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

"ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა, შესაბამისად ეს იქნება პირველი პრეცედენტული ამბავი, როცა სასამართლო ფიზიკურად ვერ მოაწერს ხელს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ამყრალებული, ბინძური სასამართლო სისტემის ნგრევას," - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილის ირაკლი კაჭარავას თქმით, აქციაზე დაკავებულების საქმე თეთრი ძაფებით არის შეკერილი, რაც ძალიან აშკარაა.

"თეთრი ძაფებით არის შეკერილი არამარტო ჩემი, არამედ ყველა ამ საქმეში მყოფი დაკავებულების საქმე. დიდი ალბათობით მტკიცებულების გარეშე ვერ შეძლებენ ადმინისტრაციული სასჯელი შეგვიფარდონ. სავარაუდოდ იქნება ჯარიმა, რომლის გადახდასაც მე არ ვაპირებ," - აღნიშნა ირაკლი კაჭარავამ

დღის ამბები