08 დეკემბერი 2019,   06:16
ვრცლად
საქართველოში ჰააგის სასამართლოს ოფისი აგვისტოს ომში დაზარალებულებისთვის დახმარების პროგრამას იწყებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ”ნდობის ფონდი” გაზაფხულზე იმ კვლევას დაასრულებს, რომლის საფუძველზეც 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ფინანსური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უნდა გაუწიონ.

ამის შესახებ სასამართლოს ქართული ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობაზე ესაუბრა.

პროცესის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სულ მალე ფონდი დაადგენს, თუ რა ტიპის დახმარებას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც 11 წლის წინ, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი უკვე 4 წელია იძიებს იმ მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობას,რომლებსაც 2008 წლის ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედებათ ბრალი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი იმედოვნებს, რომ 2020 წელს პროექტი განხორციელდება.

"ნდობის ფონდი ამ ეტაპზე იკვლევს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში და დევნილთა ჩასახლებებში მოსახლეობის საჭიროებას, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენს ჯგუფს ანგარიში მზად ექნება მომავალი წლის გაზაფხულზე, რომელსაც გაეცნობა შესაბამისი საბჭო, განხილვის შედეგად დადგინდება დახმარების მანდატი, რაოდენობა და მიმართულება, იმედი მაქვს ეს ყველაფერი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება," განაცხადა კაუპო კანდიმ.

დღის ამბები