19 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
10 თანამოაზრე პარლამენტში და კონსტიტუციის შეცვლის გეგმა - იხილავს თუ არა დღის სინათლეს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა

იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას იწყებს და კონსტიტუციის შეცვლას აპირებს. გეგმას ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები დღეს დახურულ კარს მიღმა, პარლამენტში განიხილავდნენ.

მიზნის მიღწევას მაჟორიტარები 200 000 ხელმოწერის შეგროვებით შეეცდებიან. ამბობენ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ემიჯნებიან და გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მიიღეს.

სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რომ პროპორციულს ან შერეულს სჯობს, ამაზე მმართველი გუნდის 10 მაჟორიტარი უკვე თანხმდება, რაც საინიციატივო ჯგუფის შესაქმენლად საკმარისია.

მოსახლეობისთვის შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, ახალი ინიციატივის გარშემო გაერთიანებულ მაჟორიტარებს სჯერათ, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემა ქვეყანას უფრო მეტად დემოკრატიულს გახდის.

საკითხზე საპროცედურო კომიტეტმა მას შემდეგ უნდა იმსჯელოს, რაც საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდება, რის შემდეგაც ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ამისთვის მათ 4 თვის ვადა ექნებათ. თუ საკონსტიტუციო პროექტი 100–მდე დეპუტატის მხარდაჭერას მაინც მოიპოვებს, შესაძლებელი იქნება, რომ ამ საკითხზე უკვე მეათე მოწვევის პარლამენტმა იმსჯელოს და კონსტიტუციაში ცვლილებაც შევიდეს.

საპარლამენტო ოპოზიციას ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების არ სჯერა. ამბობენ, რომ მათი ინიციატივის უკან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება, რომელმაც მათი შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის წიანააღმდეგ გაილაშქრა. მიზანი, მათი თქმით, ერთპარტიული მმართველობაა. დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძეს მაჟორიტარების ახალმა ინიციატივამ კომუნისტური პარტია გაახსენა.

დიმიტრი ხუნდაძეს ინიციატივას უწუნებენ მისივე თანაგუნდელები. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა პარტიამ დაასრულა და 2020 წელს არჩევნები შერეული, 2024 წელს კი პროპორციული სისტემით ჩატარდება.

კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებისთვის 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები