20 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
უმრავლესობიდან წასულები ახალ ფრაქციას ქმნიან - დარჩენილებიდან კი მათ შემცვლელებს ეძებენ

უმრავლესობიდან წასულები ახალ ფრაქციას ქმნიან, უკვე ცნობილია იმ დეპუტატების ადგილმონაცვლეებიც ვინც მანდატი დათმეს, ერთადერთი რაც ბოლომდე გარკვეული არ არის, ვინ ჩაანაცვლებს ყოფილ თანაგუნდელებს ვაკანტურ თანამდებობებზე?

ამ დარბაზში დეპუტატები მომავალი სხდომიდან ადგილებს გაცვლიან. უმრავლესობის რიგებიდან წამოსულები დამოუკიდებელი დეპუტატების ადგილებს დაიკავებენ. გათავისუფლებული საპარლამენტო თანამდებობები კი სავარაუდოდ ასე განაწილდება: სოფო ქაცარავას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია შეცვლის. თამარ ხულორდავას ადგილს კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში რომან კაკულია დაიკავებს. კაკულიას ნაცვლად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე დაინიშნება. უცნობია ვინ უხელმძღვანელებს განათლების კომიტეტს, შესაძლოა ეს ნუკრი ქანთარია იყოს. 

პარლამენტში ვაკანტურია ვიცე-სპიკერების ადგილები. თამარ ჩუგოშვილის პოსტს პირველ ვიცე-სპიკერად, გავრცელებული ინფორმაციით, გია ვოლსკი დაიკავებს. კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი იქნება გიორგი კახიანი. 

პარლამენტში იცვლება ფრაქციების რაოდენობაც. "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები სულ მცირე ერთ ფრაქციას შექმნიან. საჭირო მინიმალური რაოდენობა თამარ ჩუგოშვილის გუნდს უკვე ყავს. ფრაქციის სახელი და ზუსტი შემადგენლობა მომავალ კვირაში გაირკვევა.

სავარაუდოდ კიდევ ერთ ფრაქციას შექმნიან კონსერვატორები, უმრავლესობა გასულ კვირას პარტიის სამმა წევრმა დატოვა. როგორც "ქართული ოცნებიდან" უფრო ადრე წასული დეპუტატები ამბობენ, ვიდრე ახლად წასულები არ აღიარებენ, რომ მოქმედი ხელისუფლება რეჟიმად იქცა, თანამშრომლობა ვერ შედგება.

ახალ ფრაქციებთან სავარაუდოდ არ ითანამშრომლებს საპარლამენტო ოპოზიცია, დეპუტატები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნებიდან" 6 დღის წინ წასულები რეალურ ოპოზიციურ ძალას ვერ შექმნიან.

"ქართულ ოცნებას" უმრავლესობის ახლებურად დაკომპლექტებისთვის რამდენიმე დღე აქვს. ვინ დაიკავებს თანამდებობებს და რამდენი ახალი ფრაქცია შეიქმნება პარლამენტში მომავალ კვირაში გაირკვევა.

დღის ამბები