25 აპრილი 2024,   05:16
ვრცლად
ხმაური და შეძახილები სასამართლოს ეზოში - შსს-ს წარმომადგენლები სასამართლოდან პოლიციამ კორიდორით გაიყვანა

სასამართლოში გვიან ღამით გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დაკავებულთა ახლობლები და მხარდამჭერები ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ. მათი შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა პროცესში მონაწილეობდა, სასამართლოს შენობიდან პოლიციელებმა კორიდორის საშუალებით გამოიყვანეს. მათ გამოჩენას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ.

სამოქალაქო აქტივისტის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, პროტესტი უფრო მეტად მასშტაბურ ფორმას მიიღებს.

"სახელმწიფო, რომელიც მიიჩნევს, რომ დაკავებული 37 ადამიანი არის კრიმინალი, ასეთ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს. ამ ხალხს ჰგონია, რომ ჩვენი პროტესტი გაჩერდება რაიმე ფორმის ზეწოლის შედეგად, მაგრამ მე რომ "ქართული ოცნების" წევრი ვიყო, არ გამიხარდებოდა ორშაბათის გათენება," - აღნიშნა ნოდარ რუხაძემ.

"საბჭოთა კავშირის მოგონებები აღძრა ყველაში ამ პროცესმა. მაგრამ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება," - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო დანელიას შეფასებით კი, ქვეყანას სასამართლო არ აქვს.

ერთ-ერთი დაკავებულის, ზუკა ბერძენიშვილის მამის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლება აგონიაშია.

"ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ხელისუფლება აგონიაშია. ბიძინა არის საბჭოთა კავშირში, სანამ მის რომელიმე 100-მეტრიანი ხის კენწეროზე არ ასულა, მანამდე ოჯახი თუ მიხედავს უკეთესია. ქვეყანასთან მიმართებაში ის ძალიან სახიფათო ხდება," - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, პროტესტი უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის განცხადებით, მოსამართლემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა.

დაკავებულთაგან 10 დემონსტრანტს 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს - 1000 ლარიანი ჯარიმა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, 25 პირის საქმის განხილვა კი ისევ გადაიდო.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ ადვოკატები. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.

აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების განცხადებით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

დღის ამბები