13 დეკემბერი 2019,   19:27
ვრცლად
აქციაზე დაკავებული 25 პირის სასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ყველა პროცესი გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება საქმეებზე მსჯელობა.

პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს.

"პროცესი ჩვეულებრივი მასკარადია. წელავდნენ 2 დღე და ახლა კიდევ გადადეს. გუშინ რაც მიუსაჯეს ბავშვებს 6, 7 და 13 დღე, არც ერთ შემთხვევაში მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. გადაწყვეტილება წინასწარ მიიღება და არა სასამართლოში. უბრალოდ, ველოდებით და ამ გაფორმების პროცესსაც აჭიანურებენ, რომ ნერვები მოგიშალონ," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისთვის გადაწყვეტილება 12 პირთან დაკავშირებით მოსამართლემ გუშინ გვიან ღამით მიიღო. მათ შორის რამდენიმედღიანი პატიმრობა შეეფარდა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი ნადირაძესაც. შესაბამისად, საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

"ვაცხადებთ, რომ არც ერთ განხილვას, არც ერთ სამუშაო სხდომას და საკრებულოს სხდომას არ დავესწრებით, ეს განხილვები არ არის ორიენტირებული ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე. ეს არის ბიძინას ინსტიტუციები," - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

დღის ამბები