20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
პოლიტიკური სიბეცე, საზოგადოების დაცინვა - არასაპარლამენტო ოპოზიცია დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას აფასებს

პოლიტიკურ სიბეცედ აფასებს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე. მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ახალ ინიციატივაზე ალაპარაკება ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება.

“პოლიტიკურად ეს არის სიბეცე, ამ ინიციატივის წინ წამოწევა, ვითომ რაღაც შეტევაზე გადმოსვლის და ყურადღების გადატანის მიზნით. სამართლებრივად ეს არის უმეცრება. აწი ახლა, ხუნდაძემ აირჩიოს, ბეცი უნდა იყოს პოლიტიკურად თუ უმეცარი სამართლებრივად, თავის გუნდთან ერთად,“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

“ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის შეფასებით,  ხუნდაძის ინიციატივა დაცინვაა. ბურჯანაძე ინიციატივის მიღმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

"მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა - როგორც ჩანს ივანიშვილს მიაჩნია, რომ მას შეუძლია დაგვცინოს. როგორც ჩანს, მას აქვს ამის განცდა, რომ მის 5 მილიარდს საზოგადოება ყველაფერს აპატიებს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

"ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისათვის, რათა ეს სიმსივნე, სარკომა ამოვკვეთოთ ქართული პოლიტიკური სივრციდან," - აღნიშნა გიორგი გუგავამ.

"სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, თუ ქვეყანას სიღარიბის დაძლევა უნდა, მაჟორიტარული სისტემა სრულად უნდა გაუქმდეს. 

"ჩვენ თუ სიღარიბე გვინდა დავძლიოთ, მაჟორიტარული სისტემა უნდა გავაუქმოთ და ეს ფეოდალები უნდა გავყაროთ პარლამენტიდან. ანუ მთლიანად უნდა გაგვძარცვონ. ახლა თუ ნახევრად არის - 73 მანდატია პარლამენტში მაჟორიტარული, უნდათ, რომ 150-ვე იყოს. ახლა ნახევრად გვძარცვავენ და უნდათ სრულად, მასშტაბურად ჩვენი გაძარცვა,“- აღნიშნა ელისაშვილმა.

დღის ამბები