20 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა - არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აქციის დაშლისას დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე კანონით დადგენილ მოთხოვნებს უგულებელყოფდა, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს.

აღნიშნული  არასამთავრობო სექტორის ერთობლივ ბრიფინგზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძემ განაცხადა.

"დაკავებული 37 პირიდან 12 პირის მიმართ საქმის განხილვა დასრულდა. 10 პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. მთავარი და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, დაკავებული პირები არიან გადანაწილებული, არიან სხვადასხვა იზოლატორში, რაც კომუნიკაციის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის. როდესაც ერთ გეოგრაფიულ არეალში არ იმყოფებიან დაკავებულები, ეს შეიძლება იყოს პრობლემა ეფექტური კომუნიკაციის ნაწილში. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საჩივრების მომზადება.

ამ პროცესში, სამწუხაროდ, სასამართლომ მართლმსაჯულების როლი არ შეასრულა. პრობლემაა ის თუ როგორ იხილავენ ეს მოსამართლეები საქმეებს. ამ მოცემულობითა და პირობებით შესაძლოა კიდევ ვნახოთ დაპატიმრებები. მოვუწოდებ სასამართლოს, ყველა საქმეს, რომელზეც მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ არამხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის შესახებ გვაცნობოს, არამედ ჩაგვაბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება. დღეს ამ წუთში ეს არის მნიშვნელოვანი," - აღნიშნა სალაძემ.

დღის ამბები