10 დეკემბერი 2019,   01:35
ვრცლად
საეჭვო მტკიცებულებები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ КГБ-ს ხელში - რა ბედი ელის ვაჟა ექიმს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს მოქალაქის სატელეფონო საუბრებზე აქვს წვდომა - დღეს რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, სატელეფონი ჩანაწერები გამოაქვეყნა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა იცის, სად და როდის იმყოფებოდა ქართველი ექიმი მივლინებაში, რა თანხა ჩაერიცხა საბანკო ანგარიშზე, რა რიცხვებში იღებდა პაციენტებს კლინიკაში, ვის შეხვდა თბილისში და როგორ გაემგზავრა ე.წ. საზღვრისკენ.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ КГБ ამტკიცებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა და პროვოკაცია, თუმცა რატომ წავიდა საკუთარ ტელეფონში ჩაწერილი თავისივე საუბრებით, რეჟიმს არგუმენტები არა აქვს.

ექიმის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში ე.წ КГБ-ს განცხადებას უპასუხეს და გავრცელებულ ინფორმაციას რუსული უშიშროების კედლებში დაწერილი სცენარი უწოდეს.

კავკასიის აკადემიის უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია, რომელიც წლებია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციის ავთენტურობა ნაწილობრივ საეჭვოა. ლაშა პატარაიას მოსაზრებით, საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმი მოგონილი ფაქტებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ექიმი დამნაშავეა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციას უწოდებენ. უწყება "კურიერთან" წერილობით განმარტავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება უკანონოა და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

გუშინ ცხინვალის იზოლატორში დატყვევებულ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი შეხვდა. ინფორმაცია "კურიერს" ექიმის მეგობრებმა დაუდასტურეს. დაკავებულს ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე იურისტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაუკავშირდა. ასოციაციაში დამტებით განმარტებებს არ აკეთებენ, ვაჟა გაფრინდაშვილის მეგობრები კი გვიყვებიან, რომ ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობიდან მალე დაიხსნან.

ვიდრე მთავრობა ექიმის გათავისუფლებისთვის დახმარებას ევროპას სთხოვს, მედიკოსები საქართველოს მასშტაბით კოლეგის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

ამ დრომდე უცნობია,  როდის დატოვებს ვაჟა გაფრინდაშვილი იზოლატორს.

ამავე თემაზე
დღის ამბები