23 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტებს პარლამენტში - უმრავლესობა "ოცნებიდან" წასულების თანამდებობებს ინაწილებს

საპარლამენტო თანამდებობების ბედი ფაქტობრივად უკვე გარკვეულია. გავრცელებული ინფორმაციით, გია ვოლსკი პირველი ვიცე–სპიკერად გადავა, მის ადგილს კი გიორგი კახიანი დაიკავებს. საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე შესაძლოა გურამ მაჭარაშვილი გახდეს.

დღეს გაირკვა ისიც, რომ შესაძლოა მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილმა ჩაანაცვლოს, რომელიც ახლა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. დეპუტატმა დღეს "კურიერს" დაუდასტურა, რომ პარტიის ლიდერებთან ამ საკითხზე კონსულტაციაც ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, სოფო ქაცარავას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია შეცვლის. თამარ ხულორდავას ადგილს კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში რომან კაკულია დაიკავებს. კაკულიას კი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე შეცვლის.  

ოფიციალური ცვლილებები რამდენიმე დღეში განხორციელდება, თუმცა ზვიად ძიძიგურმა მისივე ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტი კედლიდან საკუთარი ხელით ჩამოხსნა და ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი კაბინეტი დაცალა. თანამდებობაზე, რომელსაც ორი მოწვევის პარლამენტში იკავებდა, უარი მას შემდეგ თქვა, რაც "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული არჩვენების პროექტი ჩააგდო. ასე გაემიჯნა პარტიას, რომელთანაც 8 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.

კაბინეტის დაცლისას ისიც თქვა, რომ "ოცნების" შეუსრულებელმა დაპირებამ ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი დააზარალა, ოპოზიციას კი მორალური უპირატესობა შეუქმნა. უმრავლესობის რიგები ზვიად ძიძიგურთან ერთად "კონსერვატიული პარტიის" კიდევ ორმა წევრმა: გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს, მათ შესაძლოა პარლამენტში ახალი ფრაქციაც შექმნან.

"ქართული ოცნების" რიგებიდან წასული ძიძიგურის დღევანდელი შეფასებები გაუგებარი აღმოჩნდა უმრავლესობის ლიდერისთვის. გია ვოლსკი ყოფილ თანაგუნდელს არ დაეთანხმა.

თავმჯდომარის თანამდებობასთან ერთად განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების წევრობაზეც უარი თქვა მარიამ ჯაშმა, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას ამ დროისთვის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

განათლების კომიტეტს ტოვებს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც. დეპუტატმა საგანგებო განცხადება გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა და "ქართული ოცნება" პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

ბოლოდროინდელი გადაადგილებების შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ახალი ფრაქცია შეიქმნება. ამ ფორმატში, სავარაუდოდ, თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე და ირინა ფრუიძე ითანამშრომლებენ. ფრაქციის შესაქმნელად კიდევ ერთი დეპუტატი დასჭირდებათ.

მას შემდეგ, რაც გუნდი საგარეო მიმართულებით მომუშავე თითქმის ყველა დეპუტატმა დატოვა, "ქართულ ოცნებას" იმის მტკიცება მოუწია, რომ გუნდს ამ მიმართულებით კომპეტენციის პრობლემა არ შექმნია და მათთან ინგლისურის მცოდნეები ისევ არიან. საპარლამენტო თანამდებობების გადასანაწილებლად კონსულტაციები მმართველ პარტიაში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

გუნდიდან წასულებს საპარლამენტო თანამდებობებზე მომავალი კვირიდან ჩაანაცვლებენ. ამ დროისთვის ვაკანტურია  2 ვიცე-სპიკერისა და 3 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. გაურკვეველი რჩება, შეძლებს თუ არა ქართული ოცნება ტრადიციის შენარჩუნებას და ვიცე- სპიკერის პოსტზე ქალი კანდიდატურის შერჩევას.

დღის ამბები